Marketeer

რატომ არის მონოპოლია ცუდი – თავად მონოპოლისტისთვისაც?

სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ, პატარა შესავალი უნდა გავაკეთო და მოვყვე, როგორ მივიკვლევდი გზას ამ დასკნვამდე, ვისაც გეზარებათ ბევრის კითხვა და მითუმეტეს ისტორიები – დაბლა ჩადით და პირდაპირ ახსნაზე გადადით.

ისტორია კი წლების წინად, ჩემს ინსტიტუტში დაიწყო, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ ზოგადად ბიზნესს ვერავინ გასწავლის, ასევე დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ სასწავლო დაწესებულებას მხოლოდ კარგი კარიერისტის მომზადება შეუძლია და არა მეწარმე-ბიზნესმენის, ეს აზრი მომავალში კიდევ უფრო გამიმყარდა – გამოცდილების დაგროვების შემდგომ, მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს არსად უსწავლიათ ეს საქმე და ან სხვა განათლება აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ უმაღლესი განათლება, არამედ უბრალოდ – თავისი იდეების რწმენა გააჩნდათ და კიდევ – ძალიან ბევრს მუშაობდენ და წირავდნენ ყველაფერს საკუთარი ბიზნესისთვის. ეს ახლანდელმა კრიზისმაც დაადასტურა, როდესაც გადარჩნენ მხოლოდ ბუნებრივი ნიჭის მქონე მმართველების მიერ მართული კომპანიები, ხოლო სხვადსხვა ცნობილი უნივერსიტეტების MBA თუ სხვა სტატუსის მქონე მენეჯერებმა კრახი განიცადეს და უდიდესი კომპანიები სამუდამოდ დასამარდა.

მოვრჩეთ ახლა სწავლა-განათლების მიერ ადამიანის ჩარჩოში მოქცევაზე ტირილს და დავუბრუნდეთ ისტორიას. მოკლედ, ამ აზრებში დარწმუნებული, ფაქტიურად არ ვსწავლობდი საგნებს, რომელიც გაკვრითაც კი არ ეხებოდა ბიზნესს, ხოლო თავად საგანს რომელსაც პირდაპირ ”ბიზნესი” ერქვა, საერთოდ აგდებით ვეკიდებოდი და წიგნსაც კი ზერელედ ვკითხულობდი, მოვიდა გამოცდებიც

ჩემი ისტორია:
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მართლაც – ბიზნესის გამოცდები უმაღლეს ქულებზე ჩავაბარე, ერთხელ, ორჯერ – ისე რომ საერთოდ წიგნიც კი ნორმალურად არ მქონდა წაკითხული და მხოლოდ საკუთარ საღ აზრს ვეყრდნობოდი, მაგრამ სადღაც მესამე გამოცდაზე, ერთ-ერთი საკითხი შემხვდა ”მონოპოლიის სახეები და მონოპოლისტური ბაზარი” – ეს იყო ის საკითხი, რომელსაც საკმაოდ კარგად ვფლობდი და ვფლობ. იმდენად კონკრეტულად მენეჯერის საქმე არაა, რამდენადაც ეკონომისტის, მიუხედავად ამისა, გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მენეჯერსაც, რადგან მარკეტინგის საჭიროებას, სწორედ კონკურენცია წარმოქმნის!

ასე იყო თუ ისე, დავიწყე ჩაბარება და ყველა საკითხი უმაღლეს ქულაზე ჩავაბარე, დადგა მონოპოლიის დროც, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახე, ვითომდა ტრიუმფისთვის, მაგრამ… როდესაც ყველაფერი მოვყევი რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი, უცებ გამახსენდა ადრე სახელმძღვანელოში ამოკითხული ფრაზა, რომ ”მონოპოლია, თავად მონოპოლიისთვისაც კი ცუდია” ჰოდა გადავწყვიტე მეთქვა… მეთქვა ისე რომ აზრი არ მესმოდა და არც ახსნა ვიცოდი, უფრო მეტიც – ახსნა წიგნშიც არ ეწერა, ეტყობა რომ წიგნი საიდანღაციდან თარგმნეს და ისე რომ ლექტორებსაც არ ესმოდათ – პირდაპირ გადმოწერეს ეს ფრაზაც.

მოკლედ, დავახეთქე ეს ”მონოპოლია, თავად მონოპოლიისთვისაც კი ცუდია” და მივიღე გამარჯვებულის სახე, მაგრამ ნაადრევი აღმოჩნდა ჩემი ზეიმი, ლექტორმა, რომელსაც არ გამორჩა ჩემი ყოყმანი – სასწრაფოდ ჩამეკითხა: – ”მაინც რატომ არის მონოპოლია მონოპოლისტისთვისაც ცუდიო?” – დიდი ხანი ჯახირის მიუხედავად მაინც ვერ მოვიფიქრე რატომ, მაშინ ვერც მოვიფიქრებდი, იმიტომ რომ მე თვითონაც ვფიქრობდი რომ მონოპოლისტს ძალიანაც რომ აწყობს მონოპოლია, ბოლოსდაბოლოს ხომ ამისკენ მიისწრაფიან? მოკლედ, იმ გამოცდაზე უმაღლეს ქულაზე ერთი ქულით ნაკლები მივიღე. (სამწუხაროდ, ეს ლექტორი მოგვიანებით საერთოდ წავიდა ინსტიტუტიდან, არადა ჩემი აზრით ყველაზე კომპეტენტური სწორედ ის იყო)

ძიება:
ჩაიარა გამოცდებმაც და მე გადავწყვიტე გამეგო, კონკრეტულად რატომ უნდა ყოფილიყო მონოპოლია – მონოპოლისტისთვის ცუდი? პირველ, ლოგიკურ გადაწყვეტად ლექტორთან მისვლა მომეჩვენა და მივადექი კიდეც, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამ საგანს 3 ლექტორი უძღვებოდა, ვერც ერთმა პასუხი ვერ გამცა, თავად გამომცდელი ლექტორი კი ვეღარსად ვნახე, ინსტიტუტში იშვიათად მოდიოდა, ეტყობოდა რომ სახელმძღვანელოს შექმნისას, ეს ფრაზა უაზროდ გადმოაკოპირეს სადღაციდან, ისე რომ აზრი არც თავად გაუგიათ.

წლებმა გაიარა და ეს შემთხვევაც დამავიწყდა, ამ დროის მანძილზე კი არაერთხელ მქონდა შეხება სხვადსხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებთან, ზოგიერთ მათგანში კი თავადაც ვმუშაობდი, ბოლოს წავაწყდი სფეროს, სადაც კომპანიები სულაც არ წუხდნენ თუკი ახალი კონკურენტი გამოუჩნდებოდათ და პირიქით, აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მაგალითად – ერთმანეთს აწვდიდნენ დეფიციტურ საქონელს, უგზავნიდნენ ისეთ კლიენტებს, რომელთა მომსახურებსაც თავად ვერ ახერხებდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს ტექნიკურ ცოდნას და ა.შ. თავიდან, ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა, მიჩვეული იმას რომ კომპანიები ერთმანეთს მუდმივად უგებენ მახეებს და ცდილობენ დაძირონ ერთმანეთი – ეს ყველაფერი არასწორადაც კი მეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა ჩვენი წერილის კითხვის პასუხი.

პასუხი:
აღმოჩნდა, რომ იმისთვის რათა პროდუქტის კატეგორია განვითარდეს, საჭიროა ამ პროდუქტის მწარმოებლებმა ერთმანეთს ხელი შეუწყონ! კონკურენცია კი ბაზარზე ახდენს მოთხოვნის სტიმულირებას და ამით ყველა მიმწოდებელი უფრო მეტად იხეირებს ვიდრე ცალკეული მიმწოდებელი იხეირებდა.

რატომ?
უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, არჩევანი ახდენს პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდის სტიმულირებას, მომხმარებელი არჩევანს – განიხილავს როგორც უპირატესობას! ხოლო თუ ბაზარზე ერთი მიმწოდებელია, ანუ მონოპოლისტი, მომხმარებელი მის მიმართ ეჭვს გამოხატავს.

ანუ თუ პროდუქტს ერთი მიმწოდებელი აწარმოებს მხოლოდ, მომხმარებელი მისით დიდად არ ინტერესდება, ხოლო საკმარისია მეორე მიმწოდებელიც გაჩნდეს – მოხმარებელი უკვე იწყებს კონკრეტულად პროდუქტით დაინტერესებას და ბაზარიც შესაბამისად იზრდება.

მაგრამ…
არავითარი, მაგრამ! შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მონოპოლისტი მარტო უფრო დიდი მოგებას ნახავდა, სინამდვილეში კი ასე არ არის! განვიხილოთ, ეს ნამცხვრის მაგალითზე:

  • მონოპოლისტის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ პატარა ნამცხვარი, რომელიც მარტო თქვენია და თქვენ მიირთმევთ
  • კონკურენციის შემთხვევაში, თქვენ უკვე ნამცხვრის ნაჭერი გაქვთ, სამაგიეროდ ეს ნაჭერი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თქვენი მთლიანი ნამცხვარი იყო.

ასე და ამგვარად, კოკა-კოლას და პეპსი-კოლას კონკურენციამ, მომხმარებელი უკეთ გააცნო გაზიან, კოლაზე დამზადებულ სასმელებს და მათი ორივეს მოგების ზრდა გამოიწვია, მიუხედავად იმისა რომ კოკა-კოლამ ბაზრის ნაწილი დაკარგა – სამაგიეროდ ახალი ნაწილი უფრო დიდი იყო ვიდრე მთლიანად ბაზარი პეპსის შემოსვლამდე.

უფრო მეტიც, საუკეთესო ადგილი ფილიალის გასახსნელად, ზუსტად კონკურენტის ფილიალის გვერდზე მდებარეობს. იმიტომ, რომ მომხმარებელი უკვე მიჩვეულია იმ ადგილს და ამით ორივე კომპანია უფრო მეტად ხეირობს, ვიდრე მარტო იხეირებდა – სწორედ ამიტომ არის ცუდი მონოპოლია, თავად მონოპოლისტისთვისაც.

The best thing that happened to Coca-Cola was Pepsi-Cola. -  Laura and Ai Reis

13 Comments

  1. nikusha_marx says:

    ძალიან კარგი პოსტია, ლევაკი ინტელექტუალის პოზიციიდან დაწერილი, მეც როგორც ეკონომიკისტი ვიზიარებ ამ ნაწერს, ისე კარგი იქნება თუ კიდევ გააგრძლეებ ასეთ თემებზე წერას, კარგია რომ ეკონომისტებიც აზროვნებენ არა დახშულად არამედ ნორმალურად რესპექტ:)

  2. nikusha_marx says:

    უბრალოდ ერთ ჩემს აზრს მოგახსენებ, თანამედროვე კაპიტალიზმი რეალურად განსხვავდება მკვეთრად იმისგან რაც ისწავლება ეკონომიკურ სკოლებში, სამწუხაროდ დღევანდელი ნეოლიბერალური ეკონომიკის აპოლოგეტებს ერთი რამ ავიწყდებათ თავისუფალი ბაზარი უკვე აღარ არსებობს, არ არის ეს ბაზარი ისეტი როგორიც იყო სმითის დროს, ანუ ათასობით გამყიდველი და მყიდველის შეჯიბრება.

  3. guliko says:

    ძალიან მომწონს თქვენი სტატიები, იქნებ უფრო მეტი წეროთ.

  4. გიგლა მიქაუტაძე says:

    საინტერესო თემაა. თუმცა არგუმენტები ალბათ არა საკმარისი. არ მგონია, რომ კოკა-კოლას გაყიდვების გაზრდა პეპსის გაჩენის შედეგი იყოს.

    ფაქტია, რომ მონოპოლისტის კაპიტალის რენტაბელურობა ყველაზე მაღალია და არ ვიცი რატომ არ უნდა აწყობდეს მას ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.

    ერთადერთი საშიშროება მისთვის იქნებოდა კონკურენტის მოულოდნელი გამოჩენა, რაც იდილიას დაურღვევდა მონოპლისტს. ეს კი მოუმზადებლობის პირობებში მის დამარცხებას გამოიწვევდა. თუმცა მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტიაო და ამის გამო არავინ იტყვის მონოპოლისტობაზე უარს.

  5. komisia says:

    პირველადი მოხმარების პროდუქტზე არ იქნება ეგრე.
    დანარჩენზე ალბათ მასეა.

  6. T3_MENEJER says:

    ძალიან საინტერესო პოსტია და ძალიან გამიხარდა ეს რო წავიკითხე ვინაიდან მომავალი ბიზნესმენი ვარ აუცილებლად გამომადგება ეს პოსტი ცხოვრებაში დიდი მადლობა დამპოსტველს.

    რაც შეეხება განათლებას

    მე პირადად ერთერთ გამორჩეულ და საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი 3 წელი ბიზნესი და მართვაზე მაგრამ 3 წლის განმავლობაში 1 ხელაც არ უხსენებიათ ის თუ რა იყო ბიზნესი და როგორ უნდა მემართა ბიზნესი.
    ლექტორები რატომღაც უპირატესობას ანიჭებდნენ ბანკებს და მუდამ ბანკებზე გვესაუბრებოდა.

    ჩემი აზრით ვერც ერთი ღარიბი ვერ გასწავლის ისე ბიზნესს როგორც მილიონერი.

  7. ქეთი says:

    ძალიან კარგი პოსტია…მომეწონა ძალიან

  8. mari says:

    როგორც ყოველთვის საინტერესოდ წერ,შენი სტატიები ხშირად ხდება ახალი იდეების მომწოდებელი 10X

  9. zastaveli says:

    Komisias კომენტარში დევს სიმართლის რაციონალური მარცვალი…. სტატია მართალია ძალიან აზრიანად არის დაწერილი, მაგრამ ავტორს მხედველობიდან გამორჩა ერთი რაღაცცც… ის რომ “მონოპოლია სახიფათოა თვით მონოპოლისტისთვის” ამ აზრს ჩვენ ვერ გავავრცელებთ ეკონომიკის ყველა სფეროზე გინდათ მიკრო გინდათ მაკრო ჭრილში… ეხა მე მაშინ შემოვატრიალებ სტატისს აზრს და დაგისახელებთ სფეროს სადაც მონოპოლია არა სახიფათო არამედ აუცილებელიც კია …. მაგალითისათვის მოგიყვანთ “ქუთგაზს” მაგალითს რომელიც ერთ ერთი შემოსავლიანი დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში…. ვთქვათ სახელმწიფომ ჩაატარა ტენდერი და გაყიდა ქუთგაზი…. ადმინსტრაციული შენობები ერთ კომპანიას მიყიდა , სადგურები მეორეს , ქსელები მესამეს და ა.შ…. და ერთ სფეროში ამით მოახდინა სრული კონკურერნციისს წარმოქმნა…. ახლა განვიხილოთ ასეთი შემთხვევა ვთქვათ მომხმარებელმა სრულად გადაიხადა გაზის საფასური, სადგურების ხელმძღვანელობამ ქსელში გატარებული გაზის საფასური არ გადაუხადა ქსელის მფლობელსს მაშინ რა ხდება? ქსელის მფლობელი ავტომატურად კეტავს სისტემასსს…. და ვინ ზარალდება საბოლოოდ? ისევ მომხმარებელი… ეს მაგალითი ჩემი აზრით მიუთითებს იმაზე რომ ეკონომიკაში არსებობს სფეროები სადაც მონოპოლია არათუ საზიანოა არამედ პირიქით სასარგებლოცააა თვით მომხმარებლისთვისაც… მაგრამ გვახსოვდეს რომ ეს სფეროები არის თითებზე ჩამოსათვლელი….. და მოდით ნუ დავიწყებთ ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას როცა ის გამოგონებულია უკვე… ის კლასიკური შეხედეულება რომ ნებისმიერი მეწარმე/ბიზნესმენი მიისწრაფვის დარგში მონოპოლიაზეეე სავსებით რეალურია და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ამას ვერ შევცვლით

    რაც შეეხება ნამცხვრის ნაჭერს…. დავიწყოთ თავით და თავით … ეკონომიკის ერთ ერთი განმარტება გვეუბნება რომ ის არის მეცნიერება რომელიც გვასწავლის თუ როგორ მივიღოთ მინიმალურიო დანახარჯებით მაქსიმალური მოგებაა…. და ჩემო, ამ ბრწყინვალე სტატიის ავტოროოო… კი მართალია მონოპოლიისს დროს ჩემი მთლიანი ნამცხვარი უფრო პატარაა ვიდრე ის ნაჭერი ვიდრე კონკურენციისსს დროს მერგო, მაგრამ საქმე იმაშია რო კონკურენციისს დროს მე ვეღარ ვადებ სასურველ ფასსს პროდუქტზეე… შესაბამისად იმ ჩემმა პატარა ნამცხვარმა შესაძლოა უფრო მეტი მოგება დამიტოვოსსს მონოპოლისსს დროს ვიდრე ამ დიდმა ნაჭერმა კონკურენციისს პირობებში ფასებიდან გამომდინარეე.. ანუ მეწარმე მიაღწევს იმას რომ თავისი მხრიდან მინიმალური დანახარჯებით შეძლებს მაქსიმალური მოგების მიღებას

    P.S… ისეთი შეხედულება არ დაგჩეთ რო მონოპოლისს მომხრე ვიყო… მე მინდა რომ დავინახოთ მედლის ორივე მხარე.. ვიმსჯელოთ და მსჯელობაში დავბადოთ ჭეშმარიტება… მაგრამ მე მაინც ერთ აზრზე ვარრ.. ეკონომიკა არის მეცნიერება რომელიც არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარება .. სპონტანურია და მისი მართვა სიზუსტით პრაქტიკულად შეუძლებელია ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მას გარკვეული მიმართულება მაგრამ ეს მიმართულება სწორია თუ არა ამას უკვე დრო განსჯისსს

  10. giorgi says:

    რაც შეეხება ფილიალის გახსნას მონოპოლისტის გვერდით ეს გამართლებულია საქართველოშიც ,თავიდან მიკვირდა როდესაც აფთიაქების მწკრივს გადავხედავდი და მათ დასახელებებს გადავიკითხავდი,არ ჯობდა ცალკე ყოფილიყოშემოსავალი მეტი ექნებოდა? ,თეორია იმის შესახებ რომ კონკურენციის პირობებში მოთხოვნა მეტად სტიმულირდება პრაკტიკაში ბევრად მარტივი დასამტკიცებელია კლიენტის ფსიქოლოგია პროდუკტის ყიდვის დროს ემყარება პირველრიგში არჩევანს ,ხარისხს ,და ფასს,ზოგ შემთხვევაში პირიქითაც.მაგ:ავეჯის სალონში როდესაც პროდუქტის არჩევანი მცირეა რეკლამის პირობებშიც რთულია რეალიზაცია,რადგან კლიენტი ხედავს და გრძნოს პროდუქტის ნაკლებობას და კარგავს ნდობას ,მას შეიძლება აგარ დააინტერეოს ფასიც კი ,შემდეგ გადის სალონიდან იმ იმედით რომ ნახოს სხვა ალტერნატივა.

  11. giorgi says:

    მონოპოლიის დროს ზარალდება ხალხი პირველრიგში ,ისუქებს ჯიბეს მონოპოლისტი თავისი დადგენილი ფასებით ,მისი მონო მდგომარობა ბაზარზე ნაკლებად რისკიანია და მონოპოლისტი შეიძლება ითქვას რომ საერთოდ არ ნევიულობს გაკოტრებაზე კომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტაზე.ასე რომ ამ თამაშში მოსახლეობის ჯიბე შედარებით ცარიელდება ვიდრე დაცარიელდებოდა ჯანმრთელი კონკურენციის პირობებში,არჩევანიც ნაკლებია, ასე რომ უმეტეს შემთხევაში მონოპოლია საზიანოა ყველასთვის გარდა მონოპოლისტისა.

  12. roicon says:

    შესნიშნავია. არასოდეს არ ისურვოთ კონკურენტის გარეშე ცხოვრება. მოდუნდებით და დაკარგავთ მთავარს ბრძოლის უნარს.

  13. acho says:

    საეჭვო თეორიაა. არგუმენტებით ვერ არის გამყარებული.

Leave a Reply